top of page
Search

საყოველთაო მემორანდუმი ეროვნული თანხმობისათვის

საყოველთაო მემორანდუმი ეროვნული თანხმობისათვის

პრეამბულა

ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის მიერ  1990-1991 წლებში არჩეული კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები,  შევიკრიბეთ საქართველოს რესპუბლიკის  უკვე აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების ფორმატში, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებთან ერთად, ვაცნობიერებთ-რა ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ვადასტურებთ:

1)  2025 წლის 5 სექტემბერს განახლდა საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების საქმიანობა, შეიკრიბა-რა  საგანგებო სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების უზენაესმა საბჭომ  მიიღო დადგენილებები საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი და ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის შესახებ, რომელიც ეფუძნება 1990 წლის 28 ოქტომბრის  თავისუფალ, დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საყოველთაო არჩევნებს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმს, 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის ამოქმედებას;

2) აღნიშნული ხელისუფლება არის ერთადერთი დე იურე და ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოში;

3) ქვეყნის სტაბილურობის და  მშვიდობის უზრუნველყოფისათვის, ასევე მისი   დემოკრატიული მომავლისთვის, აუცილებელია გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, რათა დავძლიოთ დე ფაქტო „ქართული ოცნების“  მიერ ხელისუფლების უზურპაცია;

4)  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (1990-2025 წწ) სამართლებრივი, ისტორიული და კონსტიტუციური  ლეგიტიმაციიდან გამომდინარე,  ქვემორე შეთანხმებაზე  ხელმომწერები ვთანხმდებით შემდეგ პირობებზე.

 

I. ძირითადი პრინციპები და დებულებები

 

1. საქართველოს რესპუბლიკა  არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი სახელმწიფო;

2. დე იურე ხელისუფლება – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და აღდგენილი კანონიერი და ლეგიტიმური  მთავრობა – აგრძელებს საქმიანობას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე;

3. აღდგენილი კანონიერი და ლეგიტიმური  ხელისუფლება  წარმოადგენს 1990-1991 წწ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთადერთ და პირდაპირ სამართალმემკვიდრეს;

4. ერთობა თავისუფლებისათვის – ყველა ჯანსაღი ოპოზიციური ძალა თანხმდება  თანამშრომლობაზე ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და  ევროპული მომავლის გადარჩენის მიზნით.

5. შიდა მტრობის უარყოფა – ყველა მხარე იღებს ვალდებულებას, არ აწარმოოს სიძულვილის კამპანია ერთმანეთის მიმართ.

6. კანონის უზენაესობა – აღდგენილი ლეგიტიმური ხელისუფლება მოქმედებს კონსტიტუციის, ზნეობისა და დემოკრატიული ნორმების საფუძველზე.

 

II. ეროვნული თანხმობის  მთავრობის ვალდებულებები

1. უზრუნველყოს სახელმწიფო მართვისა და სამართლებრივი წესრიგის უწყვეტობა;

2. უზრუნველყოს პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებული ცესკოს სრულყოფილი ფუნქციონირება; დემოკრატიული, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მომზადება და ჩატარება, საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის  კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის  საფუძველზე;

3. საქართველოს რესპუბლიკის აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება საერთაშორისო  დემოკრატიული ქვეყნების მიერ აღიარებიდან  60 დღის განმავლობაში, პოლიტიკურ სპექტრთან  შეთანხმებით, დანიშნავს ახალ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს;

4. უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

5. უზრუნველყოს ძალოვანი და სახელისუფლებო ადმინისტრაციული სტრუქტურების ნეიტრალიტეტი;

6. აღადგინოს და დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა,  დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი;

7. გამოაცხადოს საყოველთაო  პოლიტიკური ამნისტია.

 

 

III. საერთო ვალდებულებები ხელმომწერი სუბიექტებისათვის

1. აღიარონ საქართველოს რესპუბლიკის  უზენაესი საბჭოს (1990-2025 წწ) ლეგიტიმურობა, როგორც ერთობლივ ქმედებათა ისტორიული და სამართლებრივი საფუძველი;

2. მხარი დაუჭირონ ძალოვანი სტრუქტურების ნეიტრალიტეტს და მათ დაქვემდებარებულობას მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელისუფლებისადმი;

3. მხარი დაუჭირონ კანონიერი  ხელისუფლების  აღიარების პროცესს, მათ შორის, ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას;

4. ხელი შეუწყონ ეროვნული შერიგების, თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს, ერთიანობასა და მშვიდობას საზოგადოებაში;

5. მხარი დაუჭირონ საყოველთაო  პოლიტიკური ამნისტიის განხორციელებას.

 

IV. საერთო თეზისები ერთიანობისათვის

1. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან, მაღალეფექტური წარმოების სახელმწიფოდ ჩამოყალიბება დერეფნის საპირწონედ;

2. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

3. დემოკრატია და მედიის თავისუფლება – ცენზურის უარყოფა, მოსამართლეთა არჩევითობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

4. სოციალური სამართლიანობა – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, შშმ პირების, ვეტერანების, დაღუპულთა და რეპრესირებულთა ოჯახების დახმარება;

5. ეროვნული შერიგება – წარსულის შეცდომების აღიარება, შურისძიებისა და რევანშიზმის უარყოფა.

 

V. საერთაშორისო ვალდებულებები და გარანტიები

1. საქართველო ადასტურებს ერთგულებას ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისადმი, რომელიც კანონიერ ხელისუფლებას აქვს ხელმოწერილი 1990–1993 წლებში; ასევე, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისადმი, რომლებიც არ ეწინააღმდეგება  ქვეყნის მოსახლეობის და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს;

2. საქართველო გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან  ურთიერთპატივისცემის საფუძველზე;

3. საქართველო მზად არის მოიწვიოს საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები ახალდანიშნული არჩევნებში დამკვირვებლებად;

4. საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტი – არალეგიტიმური ხელისუფლებების მიერ დადებული სახელმწიფოსთვის საზიანო საერთაშორისო და სხვა შეთანხმებების გადახედვა საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ.

 

VI. დასკვნითი დებულებები

1. შეთანხმებაზე, როგორც ეროვნული ერთიანობის აქტზე, ხელმოწერა შეუძლია  ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, პოლიტიკურ და ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებს, დამოუკიდებელ წარმომადგენლებს, მოძრაობებს, მოქალაქეთა გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს;

2. ხელმოწერით თითოეული სუბიექტი იღებს ვალდებულებას, რომ უარყოს კერძო ინტერესები სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ;

3. შეთანხმება ძალაშია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე და ახალი ლეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბებამდე;

4. დოკუმენტი წარმოადგენს ეროვნული თანხმობის აქტს და ვერ გადაისინჯება ერთპიროვნულად;

5. მხარეები ვთანხმდებით, რომ ახალი ლეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნება სახელმწიფო საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის და პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას მისცემს 1991-1992 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობას, სამხედრო კრიმინალურ გადატრიალებას (პუტჩს);

6. მოვუწოდებთ საქართველოს  დე ფაქტო ძალაუფლების მქონე ქართული ოცნების ხელისუფლებას, აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ და დაიწყოს მოლაპარაკებები აღდგენილ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ სუბიექტებთან  ქვეყანაში ახალი ლეგიტიმური, დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, პოლარიზაციის შემცირებას, ერის საერთო-სახალხო შერიგებას და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის აღდგენას, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სწრაფ გაწევრიანებას;

7. ვთხოვთ საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს, ევროკავშირის ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაეროს და საერთაშორისო  საზოგადოებას ცნონ 2025 წლის  5 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე;

8. საყოველთაო მემორანდუმი  ეროვნული თანხმობისათვის ხელმოწერის შემდგომ  ძალაში შედის 2025 წლის 28 ოქტომბრიდან.

ხელმომწერები: 

საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, საზოგადოებრივი მოძრაობები და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
 
 

Comments


Georgian unity 1
 

  • republicge@gmail.com
  • Facebook
  • X
bottom of page